ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი 50 ათასამდე დოზა „ფაიზერი“ მეორე კვარტალში შემოვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი 50 ათასამდე დოზა „ფაიზერი“ მეორე კვარტალში შემოვა.
მისი თქმით, აღნიშნული დოზებით თავდაპირველად რისკჯგუფებში მყოფი ბავშვები აიცრებიან.
„5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციაზე წინასწარი მსჯელობები იმუნიზაციის საბჭოზე იყო. „ფაიზერისთვის“ დაკვეთილი გვაქვს ვაქცინა, დაახლოებით 50 ათასი დოზის ფარგლებში. პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, ეს იყოს იმუნოკომპრომენტირებული და თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებისთვის. ვაქცინის პირველი პარტია მეორე კვარტალში უნდა შემოვიდეს და იმის შემდეგ, ალბათ სურვილის მიხედვით, დაიწყება ვაქცინაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.