ამირან გამყრელიძე - აბიტურიენტს გამოცდის დღეს თერმოსკრინინგით 37 გრადუსი ტემპერატურა თუ დაუფიქსირდა, იქნება ალტერნატიული შეთავაზება, რომ არ დაიჩაგროს
ამირან გამყრელიძე - აბიტურიენტს გამოცდის დღეს თერმოსკრინინგით 37 გრადუსი ტემპერატურა თუ დაუფიქსირდა, იქნება ალტერნატიული შეთავაზება, რომ არ დაიჩაგროს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაბამის რეკომენდაციებზე მიმდინარეობს მუშაობა.

„ჯგუფია ჩვენთან შექმნილი, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მონაწილეობს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრთან ერთად და ვმუშაობთ იმ რეკომენდაციებზე, როგორი იუნდა იყოს, რამდენი ახალგაზრდა აბიტურიენტი უნდა იჯდეს დარბაზში, რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს დაშორება ერთმანეთთან, ვიდრე საბოლოო არ დაიდება, ვერ გეტყვით.

არის ჩვენი რეკომენდაციები, იგივე, როგორ უნდა გამოიყენონ ნიღაბი, შესვლისას უნდა ჩატარდეს თერმოსკრინინგი, თუ არ უნდა ჩატარდეს. არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს. მე დარწმუნებული ვარ, ივლისის შუა რიცხვებში ეს ყველაფერი გამოქვეყნდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძის განმარტებით, თერმოსკრინინგთან მიმართებაში მიმდინარეობს მსჯელობა ერთობლივ ჯგუფში.

„თერმოსკრინინგთან მიმართებაში მიმდინარეობს მსჯელობა ერთობლივ ჯგუფში, თუ 37 დაუფიქსირდა, ამ დროს აბიტურიენტს არ გაუცდეს გამოცდები, იქნება ალტერნატიული შეთავაზება, რომ აბიტურიენტი არ დაიჩაგროს“, – დასძინა გამყრელიძემ.

კითხვაზე, ხომ არ გადავადდება გამოცდები, გამყრელიძემ უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია განათლების სამინისტროზე და იმ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, რომელიც ივნისში იქნება.