ამირან გამყრელიძე - 200-კაციანი შეზღუდვები პოლიტიკურ პროცესებს არ ეხება
ჩემი რეკომენდაციაა, რომ იმ პარტიამ და იმან, ვინც ხვდება ამომრჩეველს, უნდა დაიცვას რეკომენდაციები, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 200-კაციანი შეზღუდვები პოლიტიკურ პროცესებს არ ეხება.
„კულტურულ ღონისძიებებზეც აუცილებელია ღია სივრცეში პირბადის ტარება და ეს აუცილებელია წინასაარჩევნო, აგიტაციის პერიოდშიც. დღეს რასაც ვუყურებთ, ამ წინასაარჩევნო პერიოდში არ ხმარობენ პირბადეს გარეთ, რადგან ჩვენ პირბადე გვქონდა ძირითადად, შიდა შენობებში. ამიტომ ახლა გარეთაც, თუ დისტანცია არ იცვლება, აუცილებელია პირბადის ხმარება. პროცესის მონიტორინგი უნდა იყოს, მაგრამ პოლიტიკური პროცესის ნაკლები შეზღუდვით, რამეთუ ეს მაინც დაკავშირებულია ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ფაქტთან, რომელიც იქნება თვე-ნახევარში ქვეყანაში, ეს არის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები. არის საერთაშორისო რეკომენდაციები, რომ პოლიტიკური პროცესები ნაკლებად იზღუდებოდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.