ამირან გამყრელიძე - 14 წლამდე ბავშვებში ინფიცირების 15%-იანი, ხოლო 19 წლამდე ახალგაზრდებში - 20%-იანი მაჩვენებელი გვაქვს
14 წლამდე ბავშვებში ინფიცირების 15%-იანი, ხოლო 19 წლამდე ახალგაზრდებში – 20%-იანი მაჩვენებელი გვაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ბავშვთა ვაქცინაციის საკითხი იხილება და შემოდგომაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
„14 წლამდე ბავშვებში ჩვენ გვაქვს ინფიცირება 15 %. 19 წლამდე თუ ვიტყვით , მაშინ კიდევ 5 დაამატეთ, ანუ 20 %-მდე. მაგრამ 14 წლამდე არის 15 %, ანუ დღეს თუ 4700 შემთხვევა იყო, იქიდან იანგარიშეთ 15 % ინფიცირებული იყო 14 წლამდე ბავშვი. თუ ჩვენ მომდევნო ორ კვირაში დავიცავთ ყველა იმ წესს რაზეც მე გელაპარაკეთ, პირბადე, ვაქცინაცია აქტიური, იმ შეზღუდვებისა და რეგულაციების დაცვა, რაც მოწოდებულია, თანდათან სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდება. იცით, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი პროპორციულ დამოკიდებულებაში არის შემთხვევათა რაოდენობასთან. ყოველ 1000 შემთხვევაზე, სამწუხაროდ, არის 10, 15, 18, შეიძლება იყოს 20-მდეც გარდაცვალება. აქედან გამომდინარე, როგორც კი შევამცირებთ ჩვენ ახალ შემთხვევათა რაოდენობას, თანდათან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, ამას მოჰყვება სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებაც“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.