ამირან გამყრელიძე - 1 351 ახალი შემთხვევიდან 1012 სიმპტომებიანი პაციენტია, სიმპტომების შემთხვევაში, კოვიდის დადასტურების ალბათობა უკვე საკმაოდ მაღალია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან ძირითადი, 1012 სიმპტომიანი პაციენტია.
ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ ინფიცირებულებს შორის 61 მედპერსონალის წარმოამდგენელია.
გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, სიმპტომების შემთხვევაში გაიარონ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, ან დარეკონ 112-ში და იმოქმედონ ექიმის რჩევების შესაბამისად.
„1351 ახალი შემთხვევიდან ძირითადად სიმპტომებიანი ადამიანებია. ანუ, 1351-დან 1012 არის სიმპტომებიანი, შემდეგ მოდის კონტაქტები 51, ასევე 61 არის ჩემი კოლეგა, სამედიცინო პერსონალი, როგორც საექიმო, ისე საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ძირითადად ეს ჯგუგებია. ხაზგასასმელია, რომ დღეს სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დადებითობის პროცენტი საკმაოდ მაღალია. უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კოვიდი, ამიტომ უნდა დავრჩეთ სახლში და სახლიდან კონტაქტი გვქონდეს ჩვენს ოჯახის ექიმთან, 112-თან. თუ ისინი გეტყვიან, რომ თქვენთვის საჭიროა ტესტის გაკეთება, იქნება ეს სწრაფი, თუ „პისიარ“ ტესტი, უნდა წაბრძანდეთ ტესტის გასაკეთებლად, ვიდრე ტესტის პასუხი გექნებათ, სასურველია, იყოთ იზოლაციაში და შემდეგ იმოქმედოთ ექიმის რეკომენდაციების მიხედვით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.