ამირან გამყრელიძე - ოქტომბრის პირველ კვირაში საქართველოს გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა ექნება
ოქტომბრის პირველ კვირაში საქართველოს გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა ექნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ცენტრი მუშაობს ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შესასყიდად და იმედს გამოთქვამს, რომ რაოდენობა გაორმაგდება. გამყრელიძის თქმით, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა გასული წლების მსგავსად, კვლავ რისკჯგუფებისთვის იქნება გათვალისწინებული.
„ოქტომბრის პირველ კვირისთვის შეკვეთილი და ნაყიდი გვაქვს ოთხკომპონენტიანი გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა, რომელიც როგორც წესი, გაუკეთდება რისკჯგუფებს და ეს რისკჯგუფები ყოველწლიურად ისაზღვრება იმუნიზაციის საბჭოს დადგენილებით. ვცდილობთ მაქსიმალურად, გავზარდოთ სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინის მარაგი. ძალიან ბევრ ბაზარზე და ბევრ მწარმოებელთან გვაქვს კონტაქტი და შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა იყოს მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რა თქმა უნდა, ვაქცინა ექნებათ კერძო კომპანიებსაც. შარშან გვქონდა ნაყიდი 100 ათასი და იქიდან დაგვრჩა ძალიან ცოტა, წელს 135 ათასი შევიძინეთ და ახლა ვცდილობთ, სულ მცირე გავაორმაგოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ყველაზე საფრთხილო პერიოდი ახლა მოახლოებული შემოდგომაა, როდესაც ბუნებრივად აქტიურდება ვირუსული ინფექციები და ცირკულირებს გრიპის ვირუსი. ამასთან, მისი თქმით, გასათვალისწინებელი, რომ „კოვიდ 19“-სა და ვირუსის კლინიკური ნიშნების გარჩევა რთულია და ამისთვის ლაბორატორიული კვლევის ჩატარება იქნება საჭირო.
„თანდათან ჩვენ შევდივართ შემოდგომის სეზონში, რა დროსაც აქტიურდება სეზონური ინფექციები, იგივე გრიპის ვირუსი. ჩვენ ყველანაირად უნდა ვუფრთხილდეთ ამ სეზონს, რომელიც პირველი სეზონი იქნება, როცა იქნება თანხვედრა და ე.წ ზედდება ორი ინფექციის, „კოვიდისა“ და გრიპის. ორივე გახლავთ რესპირატორული ინფექცია, კლინიკურად ძალიან გვანან ერთმანეთს, მათი გარჩევა შეიძლება ძირითადად ლაბორატორიულად, ამიტომ 21 ლაბორატორია, რაც ახლა მუშაობს ქვეყანაში თანდათან, გარდა „კოვიდისა“, შემდგომში აწარმოებს გრიპის დიაგნოსტიკას და ასევე ყველა კლინიკას ვთხოვეთ, რომ დროულად მოიმარაგონ გრიპის სწრაფი ტესტები, რათა ნოემბერში, როცა ეს პროცესი დაიწყება, ადვილად მოვახდინოთ დიფერენცირება ამ ორი რესპირაციული ინფექციის. გარდა ამისა, გრიპზე გავრცელდება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც არის „კოვიდზე“ – პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში და იმ ღია სივრცეებშიც, სადაც მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, დავიცვათ დისტანცია ყველგან და რაც შეიძლება ხშირად დავიმუშაოთ ხელები სადეზინფექციო ხსნარებით ან კარგად დავიბანოთ საპნით.
ასევე, აუცილებელია დიდი თავშეყრის ადგილებისგან თავიდან აცილება, რადგან არის მომატებული რისკფაქტორი ინფექციის გავრცელებისა“, – განმარტა გამყრელიძემ.