ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის
ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, რათა ამიდნის მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროების შემთხვევაში, დროულად მოხდეს რეაგირება,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

უწყების პრესსამსახურის უფროსის, მიშა ფეიქრიშვილის ინფორმაციით, კახეთში ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ ოჯახებში სამაშველო სამუშაოები დასრულებულია.

მისივე თქმით, იყო შემთხვევა, როცა წყლის მოვარდნის გამო, მანქანებში ჩარჩნენ ადამიანები. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

„ძლიერმა ნალექმა კახეთის რეგიონში, კონკრეტულად, სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხ სოფელში პრობლემები შექმნა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სარდაფები და ეზოები. ​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსულია ექვსი შეტყობინება. ​ამ დროისთვის, ყველა ოჯახში დასრულებულია სამაშველო და წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. დამატებითი გართულებები მოსალოდნელი არ არის.

​წყლის მოვარდნის გამო, დაფიქსირდა მანქანებში ადამიანების ჩარჩენის შემთხვევებიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ ყველა მოქალაქე გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.

​შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სინოპტიკოსების ვარაუდით, მოსალოდნელია ამინდის გაუარესება, რის გამოც როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ისე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, რათა საჭიროების შემთხვევაში, დროულად მოხდეს რეაგირება“,- განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-23 ივლისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.