ამღას უხუცესი მკვიდრი სანდუა წიკლაური - უნდა აღდგეს ეს სოფელი, თორემ შემოსახლდებიან და დაიკავებენ, საზღვრისპირა სოფელია
სოფელ ამღას უხუცესი მკვიდრი სანდუა წიკლაური „მოამბესთან“ ინტერვიუში არხოტის ხეობის ოქროს ხანას იხსენებს. ხეობის მცველი წუხს, რომ სახლები, ბილიკები, საიდანაც ადრე ბავშვების ჟრიამული ისმოდა, ახლა ცარიელია. ოჯახების ნაწილი აქ მცირე ხნით მხოლოდ ზაფხულობით ამოდის. 77 წლის სანდუა წიკლაური ერთადერთია, ვისაც სოფელი თითქმის არასდროს მიუტოვებია. ამბობს, რომ რამდენჯერმე შვილებმა გამოსაზამთრებლად თბილისში წაიყვანეს, მაგრამ სხვაგან ვერ ძლებს.
ამღა არხოტის ხეობის ბოლო დასახლებული სოფელია საქართველო-რუსეთის საზღვართან. მკაცრი ზამთარი მოსახლეობას რვა თვის განმავლობაში გარესამყაროსგან მოწყვეტილს ტოვებს. გამოდარების და გზის გახსნის შემდეგაც, დიდად არაფერი იცვლება, რადგან, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხელისუფლებას მათი არსებობა იშვიათად ახსენდება.
სანდუა წიკლაურის მეხსიერებაში, ედუარდ შევარდნაძის შემდეგ, მამუკა ბახტაძე მეორე მაღალი რანგის სტუმარია, რომელიც ამღას ეწვია. პრემიერ-მინისტრი გუშინ ადგილობრივებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და სახლების აღდგენას, სხვა ყოფითი პრობლემების მოგვარებას დაპირდა. პრემიერმა განაცხდა, რომ გაიხსნა სოფლამდე მოსასვლელი საავტომობილო გზაც. მთავრობის მეთაურმა ხეობაში ოთხსეზონიანი ტურიზმის განვითარების პირობას დადო.