ამერიკული მედიის ინფორმაციით, სანტა-ფეს სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა უმეტესობა მოსწავლეა
სანტა-ფეს სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა უმეტესობა მოსწავლეა, – ამის შესახებ ამერიკულ მედიასთან საუბრისას პოლიციის შერიფმა განაცხადა.
სამართალდამცველების მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ათი ადამიანი, ხოლო 12 დაშავებულია. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. დაშავებულთა შორის პოლიციის ერთი ოფიცერია. დაკავებულია ორი პირი, ისინი ამავე სკოლის სტუდენტები არიან.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, სანტა-ფეს სკოლის ხელოვნების ოთახში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
„ვგლოვობთ სიცოცხლის დანაკარგს და მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველას, ვისაც ტეხასში მომხდარი საშინელი თავდასხმა შეეხო. მივმართავ სანტა-ფეს უმაღლესი სკოლის სტუდენტებს, მათ ოჯახებს, მასწავლებლებსა და პერსონალს – ჩვენ ამ ტრაგიკულ საათში თქვენთან ერთად ვართ და მუდამ თქვენთან ვიქნებით“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ამერიკული მედიის მონაცემებით, ეს აშშ-ის სკოლებში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სროლის მესამე შემთხვევაა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 22-ე.