ამერიკული მედია - დონალდ ტრამპი დღეს ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი სანქციების შესახებ განაცხადებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით Reuters და CNN ავრცელებენ.
ამერიკული მედია იუწყება, რომ სახაზინო დეპარტამენტი, ჯერ არნახული სიმკაცრის სანქციების დაწესებას გეგმავს. ამ მოვლენების პარალელურად კი, დონალდ ტრამპის ქალიშვილი, მისი უფროსი მრჩეველი, ივანკა ტრამპი, რომელიც ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე დასასწრებად სამხრეთ კორეაში იმყოფება, პრეზიდენტ მუნ ჯე ინთან შეხვედრის გამართვას გეგმავს.
სამშაბათს ფხენიანი და სეული, ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, ჩრდილოეთ კორეის ტერიტრიაზე მოლაპარაკებას იწყებენ.
გასულ წელს ჩრდილოეთ კორეამ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიუხედავად, ბალისტიკური რაკეტის არაერთი გამოცდა ჩაატარა. ასევე მეექვსედ განახორციელა ბირთვული ტესტი. ჩრდილოეთ კორეა ბირთვული პროგრამის განვითარების მიზეზად, ამერიკის აგრესიას ასახელებს.
აღსანიშნავია, რომ ფხენიანს ბოლო ორი თვის განმავლობაში არც ერთი გამოცდა აღარ ჩაუტარებია.