„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს სამედიცინო დახმარებას გაუწევს
„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს სამედიცინო დახმარებას გაუწევს. ჰოსპიტალი პროგრამას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით (DFC) ახორციელებს.
საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია დღეს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ამერიკული მხარის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
საქართველოში ამჟამად 28 000 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება. სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩამოსვლა შეეძლებათ იმ უკრაინელებსაც, რომლებიც უკრაინაში ომის პირობებში ვერ იღებენ შესაბამის სერვისს. კლინიკა მათ სთავაზობს ქირურგიულ ოპერაციებს, მოზრდილთა და პედიატრიულ ამბულატორიულ მოვლას, ასევე დიაგნოსტიკურ მომსახურებას. პროგრამის ღირებულება 800 000 დოლარია.
„მინდა, ჯანდაცვის სამინისტროს სახელით მადლიერება გამოვხატო ამერიკის მთავრობისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის მიმართ იმ დახმარებისთვის, რომელსაც ისინი უწევენ ქვეყანას და კონკრეტულად, ამერიკული ჰოსპიტალის ფუნქციონირებას საქართველოში. მნიშვნელოვანია ინიციატივა, რომელიც დღეს დაიწყო – უკრაინიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა. აქამდე საქართველოს მთავრობა უკრაინიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფდა გადაუდებელ დახმარებას, ასევე იმ ბაზისურ სერვისებს, რაც აუცილებელია და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხითაც. ამ შემთხვევაში, ამერიკული ჰოსპიტალი განახლებული რესურსითა და შესაძლებლობით შეუერთდება ამ ინიციატივას. დეტალები დაანონსდება. თუმცა, კარი ღიაა, უკრაინელი მოქალაქე, რომელსაც აქვს სამედიცინო საჭიროება და ის, რაც აქამდე იფარებოდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კიდევ უფრო გაფართოვდება ამ ინიციატივის პირობებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე ინფორმაციით, სახელმწიფოს დაფინანსებით ამ დრომდე დახმარება ძირითადად გაეწია გადაუდებელი საჭიროების მქონე უკრაინის მოქალაქეებს, მათ შორის ორსულებს.
„აქამდე სამედიცინო დახმარება, რაც აღმოვუჩინეთ უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, იყო ძირითადად გადაუდებელ აუცილებლობასთან დაკავშირებული, მათ შორის, მშობიარობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, სერვისები: ტუბერკულოზი, აივ/შიდსი, აქვე იყო „კოვიდის“ მართვასთან დაკავშირებული საჭიროებები, დიალიზის შემთხვევები გვქონდა საკმაოდ ბევრი. მშობიარობის ციფრების დასახელება გამიჭირდება, თუმცა იყო რამდენიმე. ჯანმრთელი ბავშვები გაჩნდნენ და უკრაინიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა მიიღეს უმაღლესი სერვისი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.