ამერიკული გამოცემა - რუსეთის საფრთხის ფონზე მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი მხარდაჭერის დემონსტრირებაა
ამერიკული გამოცემა - რუსეთის საფრთხის ფონზე მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი მხარდაჭერის დემონსტრირებაა

რუსეთის საფრთხის ფონზე მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი მხარდაჭერის დემონსტრირებაა, – ამ სათაურით ამერიკული გამოცემა „ნეიშენალ რივიუ“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

სტატიის ავტორი ჯიმი ქუინი აღნიშნავს, რომ აშშ-ის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის, სახელმწიფო მდივანი საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს და ასევე, მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნლებს შეხვდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველო აშშ-ის ხანგრძლივი პარტნიორია უსაფრთხოების სფეროში, რომელმაც ნატო-ს ძალების მხარდამხარ საბრძოლველად, ავღანეთში ასობით ჯარისკაცი გაგზავნა. სტატიაში ასევე, ხაზგასმულია, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს მჭიდრო კავშირი აქვს ევროკავშირთან, ასევე აქვს ნატო-ში გაწევრიანების ამბიცია.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში პრეზიდენტმა ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა დაადასტურეს, რომ საქართველო ერთ დღეს ალიანსს შეუერთდება.

„გახარიასა და ზალკალიანთან შეხვედრამდე, პომპეომ აღნიშნა ოკუპაციასთან დაკავშირებული ტკივილი და სირთულეები და პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს დემოკრატიული პროცესის მხარდასაჭერად.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას მაიკ პომპეომ ხაზი გაუსვა თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების მნიშვნელობას“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მმართველ გუნდს ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებენ და არჩევნების შედეგებს ქუჩაში აპროტესტებენ.

„ეუთო-მ, რომელმაც არჩევნების წინ ქვეყანაში დამკვირვებლები გაგზავნა, დაასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლება, ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩეველთა ზეწოლაზე და საზღვრების მოშლამ საზოგადოებრივი ნდობა შეამცირა, ამ პროცესის ზოგიერთ ასპექტში.

მიუხედავად იმისა, რომ პომპეო არ შეხვედრია ოპოზიციის ლიდერებს, დელეგაციაში მყოფი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ადგილზე დარჩა და მათ მოუწოდა, იმუშავონ სისტემის შიგნით, რათა განახორციელონ ცვლილებები, ნაცვლად არსებული პროცესის ბოიკოტირებისა“, – ნათქვამია სტატიაში.