ამერიკული ფეხბურთის ამხანაგური შეხვედრა ჟიული შარტავას იუბილეს მიეძღვნა [ფოტო]
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინიციატივით, ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელიც ჟიული შარტავას იუბილეს მიეძღვნა. ვაზისუბნის სარაგბო ბაზაზე ერთმანეთს ამერიკულ ფეხბურთში სოხუმის „მეომრები“ და „თბილისი“ დაუპირისპირდნენ.
ეს იყო მოსამზადებელი ეტაპის თამაში, რომელიც საქართველოში ამერიკული ფეხბურთის პოპულარიზაციას ემსახურებოდა და აფხაზეთში გმირულად გარდაცვლილი ჟიული შარტავას 75 წლის იუბილეს მიეძღვნა.
13 მარტიდან საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს და მონაწილეობას ექვსი გუნდი მიიღებს.
„ბოლო დროს ამერიკული ფეხბურთი პოპულარობა გაიზარდა. შარშან ჩემპიონატში ოთხი გუნდი მონაწილეობდა, ახლა კი ექვსი გუნდი დაკომპლექტდა. არის სერიოზული იმედი, რომ 2020 წელს რვა თანაბრად დაკომპლექტებული გუნდი გვეყოლება და საინტერესო ჩემპიონატი გვექნება“ – ამბობს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზაქარია ჯაჭვაძე.
ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო – „როდესაც გავიგეთ, რომ ამერიკულ ფეხბურთში აფხაზეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათი თანადგომის სურვილი გაგვიჩნდა. სოხუმის „მეომრები“ წარმატებული გუნდია და მიხარია, რომ ჟიული შარტავას ხსოვნის იუბილე მათი მონაწილეობით აღვნიშნეთ“.