ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი ინსულინის ფასს 70 პროცენტით ამცირებს და სხვებსაც იმავეს მოუწოდებს — #1tvმეცნიერება
ამერიკული ფარმაცევტული გიგანტი Eli Lilly იუწყება, რომ საკუთარი წარმოების ინსულინის ფასს 70 პროცენტით შეამცირებს; ამასობაში, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სხვა მწარმოებლებს პრეპარატების მზარდი ფასების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს.
ბოლო წლებში, მწარმოებლებმა ინსულინის ფასი გაზარდეს, რამაც უარყოფითად იმოქმედე დიაბეტის მქონე მილიონობით ამერიკელის ცხოვრებაზე და მწვავე პოლიტიკური კრიტიკაც გამოიწვია.
„ინსულინის წარმოება 10 დოლარზე ნაკლები ჯდება, მაგრამ ამერიკელებს ხშირად მასში 300 დოლარზე მეტის გადახდა უწევთ, რაც ძლიერ არასწორია. დროა, ეს ნაბიჯი სხვა მწარმოებლებმაც გადადგან“, — წერს ბაიდენი განცხადებაში და Eli Lilly-ს ამ ნაბიჯს უდიდეს სიახლეს უწოდებს.
ინდიანაპოლისში ბაზირებულმა Eli Lilly-მ სიცოცხლის გადამრჩენი ამ პრეპარატის ფასის შემცირებისაკენ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის არის დაზღვევის მქონე ადამიანთათვის თვეში 35 დოლარის დაფარვა.
„Lilly-ს ამ ქმედების მიზანია, რომ ჩვენი წარმოების ინსულინზე წვდომა გაიზარდოს და დავეხმაროთ იმ ამერიკელებს, რომლებსაც შეიძლება, ჯანდაცვის კომპლექსურ სისტემაში გზის გაკვალვა უჭირდეთ“, — წერს კომპანია განცხადებაში.
35-დოლარიანი ფასდაკლება დაუყოვნებლივ შევა ძალაში, სხვა ზომები კი 2023 წლის განმავლობაში განხორციელდება.
მთავარი ნაბიჯი კი არის ფასის 70 პროცენტით შემცირება Lilly-ს წარმოების ინსულინ Humalog-ზე.
ბოლო 20 წლის განმავლობაში, აშშ-ში დიაბეტის შემთხვევები ზრდასრულებში გაორმაგდა; აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, ეს დაავადება ამჟამად ქვეყანაში 37,3 მილიონ ადამიანს აქვს.
Rand Corporation-ის 2020 წლის კვლევის მიხედვით, ინსულინის ფასი აშშ-ში რვაჯერ უფრო მაღალია, ვიდრე 32 სხვა მღალშემოსავლიან ქვეყანაში.
თუმცა, მაღალი ფასებისგან მიღებული სიკეთეების დიდი ნაწილი მიდის არა ფარმაცევტულ კომპანიებში, არამედ ჯანმრთელობის სადაზღვევო კომპანიებში. შესაბამისად, Lilly-ს გადაწყვეტილება მზღვეველთათვის შეიძლება მძიმე დარტყმა აღმოჩნდეს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.