ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, 1-ლი ტიპის დიაბეტის პრევენციას ახდენს - ახალი კვლევა
ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, 1-ლი ტიპის დიაბეტის პრევენციას ახდენს - ახალი კვლევა

1-ლი ტიპის დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა მსოფლიოში იზრდება, მაგრამ როგორც ირკვევა, ავსტრალიაში ეს დაავადება უკან იხევს.

პირველად 1980 წლის შემდეგ, ავსტრალიაში ამ ავტოიმუნური მდგომარეობის დიაგნოზის მქონე ბავშვთა რაოდენობა შემცირდა. მკვლევართა აზრით, შესაძლოა, ამ სასიხარულო ვითარებას კავშირი ჰქონდეს ქვეყნის იმუნიზაციის შთამბეჭდავ პროგრამასთან.

როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, ავსტრალიაში 1-ლი ტიპის დიაბეტის შემთხვევებმა შემცირება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ დაიწყო, რაც შეიმუშავეს როტავირუსის ორალური ვაქცინა.

კვლევის ავტორის, მელბურნის უნივერსიტეტის მოლეკულური მედიცინის მკვლევრის, ლენ ჰარისონის განცხადებით, გადაჭრით თქმა ძნელია, მაგრამ როგორც ბოლო კვლევა მიუთითებს, ავსტრალიელ ბავშვებში ვაქცინაციის გზით როტავირუსის ინფექციის პრევენციამ შესაძლოა, ასევე შეამცირა 1-ლი ტიპის დიაბეტის გენეტიკური რისკები.

ეს უცნაური დამთხვევა მეცნიერთა ჯგუფმა პირველად საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინა, როცა შენიშნეს, რომ 1-ლი ტიპის დიაბეტში იმუნური მარკერები ძალიან ჰგავდნენ როტავირუსის ინფექციას.

მას შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როტავირუსის ინფექციას შეუძლია გამოიწვიოს იმუნური თავდასხმა ინსულინის მწარმოებელ პანკრეასის უჯრედებზე. ეს ორგანო ადამიანში აბალანსებს შაქრის დონეს და მთავარი მოთამაშეა დიაბეტში.

2007 წელს, ავსტრალიის ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში შექმნეს როტავირუსის ორი ორალური ვაქცინა. შედეგად, შესანიშნავი შანსი გაჩნდა შემდგომი კვლევებისთვის.

საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების გამოყენებით, მკვლევრებმა ერთმანეთს შეადარეს 1-ლი ტიპის დიაბეტით ავადობის მაჩვენებლების ამ ცვლილებამდე 8 წლის წინანდელი და 8 წლის შემდეგო მონაცემები.

აღმოჩენა მიუთითებს, რომ როტავირუსი შესაძლოა, იმაზე მეტად მოქმედებდეს, ვიდრე გვეგონა. მხოლოდ ამ ვაქცინას აქვს პოტენციალი, მთელ მსოფლიოში მილიონობით ბავშვი გადაარჩინოს სასტიკი და სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში დიარეის ფორმისგან. საინტერესოა, შეუძლია თუ არა მას, ამავე დროს შეაჩეროს 1-ლი ტიპის დიაბეტის განვითარება?

როგორც ირკვევა, ეს ნამდვილად შესაძლებელია. მას შემდეგ, რაც ავსტრალიამ როტავირუსის ვაქცინის პროგრამა შეიმუშავა, როცა პროგრამამ ქვეყნის დაახლოებით 84 პროცენტი მოიცვა, 0-დან 4 წლამდე ბავშვებში 1-ლი ტიპის დიაბეტით ავადობის კოეფიციენტი 14 პროცენტით შემცირდა.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, მელბურნის უნივერსიტეტის იმუნიზაციისა და ალერგიების ექსპერტის, კირსტენ პერეტის განცხადებით, დაავადების ასეთი მნიშვნელოვანი შემცირება არ შეინიშნებოდა 5-14 წლის ბავშვებში.

მართალია, ეს გადაჭრით არ ნიშნავს იმას, რომ როტავირუსის ვაქცინა ამ განუკურნებელ დაავადებას აჩერებს, მაგრამ კიდევ უფრო ამყარებს წინა კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, როტავირუსის ინფექცია სავარაუდოდ, დიაბეტის რისკფაქტორია.

ყოველ შემთხვევაში, ასეა სულ მცირე ავსტრალიაში. გარკვეულ მიზეზთა გამო, ფინეთში, უფრო მცირე ნიმუშებითა და დროის მცირე შუალედში ჩატარებულმა კვლევამ იგივე ურთიერთქმედება ვერ გამოავლინა. აქ გასათვალისწინებელია ამ ორ ქვეყანას შორის არსებული გარკვეული გენეტიკური და გარემო სხვაობები.

ავსტრალიელი მეცნიერები იმედიანად არიან განწყობილი და მონაცემთა დამუშავებას აქტიურად აგრძელებენ. მათ სჯერათ, რომ უფრო მეტ მტკიცებულებას იპოვიან ამ ორი დაავადების ერთმანეთთან კავშირის შესახებ.

„ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ვიცით, 1-ლი ტიპის დიაბეტის მაჩვენებლის შემცირება მუდმივი ეფექტია თუ გარდამავალი. ასევე გასარკვევია, არის თუ არა ის რელევანტური მხოლოდ ავსტრალიელი ბავშვებისთვის“, — აღნიშნავს ჰარისონი.

და ბოლოს, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაცია ერთმნიშვნელოვნად აუცილებელი და სასარგებლოა.

კვლევა ჟურნალ JAMA Pediatrics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია pursuit.unimelb.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.