ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში სამხედრო წვრთნები დაიწყო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში სამხედრო წვრთნები დაიწყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების განცხადებაზე დაყრდნობით, CNN-ი იუწყება.

საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია სამხედრო სწავლებებს ჰომსის რეგიონში, ეტ-ტანფის სამხედრო ბაზასთან ახლოს მართავს. წვრთნების მიზანი, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალების სწრაფი რეაგირების, სამიზნეზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმის დემონსტრირებაა.

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, კოალიციურმა ძალებმა სამხედრო სწავლებების ჩატარების შესახებ რუსული მხარე გააფრთხილა.

CNN-ის ინფორმაციით, სწავლება, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხო ნაბიჯია. მანამდე, რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განთავსებულ სამხედრო წარმომადგენლობასთან ახლოს, ასადის არმიასთან ერთად ოპერაციის დაწყების შესახებ არაერთხელ განაცხადა. როგორც კრემლი აცხადებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე რადიკალური დაჯგუფებები მოქმედებენ.

ეტ-ტანფში განთავსებული კოალიციური ძალების ბაზის გარშემო 55 კილომეტრიანი დეესკალაცის ზონაა. ამერიკის შეერთებული შტატები იმედოვნებს, რომ ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, რუსული მხარე აღნიშნულ ტერიტორიას არ გადალახავს. თუმცა პენტაგონი განმარტავს, რომ საჭიროების შემთვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ჯარისკაცების დასაცავად შესაბამის ზომებს მიიღებს.