ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან სოლიდარობის აქცია იმართება [ფოტო]
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან სოლიდარობის აქცია იმართება.
საქართველოს მოქალაქეები ხადას ხეობაში მკვლელობის გამო საელჩოსთან შეიკრიბნენ და გარდაცვლილთა ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ.
აშშ-ს საელჩოსთან სოლიდარობის აქციაზე იმყოფება საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, რომელიც ხადას ხეობაში მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. მან მადლობა გადაუხადა ქართველ სამართალდამცველებს, რომლებმაც მკვლელობის საქმე გამოიძიეს.
როგორც სოლიდარობის აქციაზე საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა განაცხადა, ეს არის ტრაგედია, რომელმაც ყველა გვაზარალა.
„მოვედი, რომ გამოვხატო ჩემი განსაკუთრებული სამძიმარი და დიდი გულისტკივილი. მინდა, რომ ეს სირცხვილი ჩამოვირეცხო, რადგან ეს მოხდა საქართველოში და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. დარწმუნებული ვარ, ეს არ იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობაზე. ეს არის ტრაგედია, რომელმაც ყველა გვაზარალა. მინდა, სამძიმარი გამოვხატო დაღუპულთა ოჯახის მიმართ“, – განაცხადა გიორგი კალანდიამ.
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. სამძებრო სამუშაოების შედეგად, ჯერ ცოლ-ქმრის ცხედარი იპოვეს, დღეს კი, ბავშვის ცხედარიც აღმოაჩინეს.
გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ისინი საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეები იყვნენ. შსს-ს ცნობით, ორმაგი მოქალაქის სტატუსი 2012 წელს მიიღეს.