ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთში დაგეგმილ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე პენტაგონის მაღალჩინოსნის გაგზავნას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთში დაგეგმილ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე პენტაგონის მაღალჩინოსნის გაგზავნას გეგმავს

შეერთებული შტატები ჩინეთში დაგეგმილ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე პენტაგონის მაღალჩინოსნის გაგზავნას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, ფორუმს დაესწრება ჩინეთის, ტაივანისა და მონღოლეთის საკითხებზე მომუშავე თავდაცვის მდივნის მოადგილე მაიკლ ჩეიზი.

როგორც „როიტერთან“ საუბარში ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, ჩეიზის მოსალოდნელი დასწრება ღონისძიებაზე უპრეცედენტო არ არის, თუმცა არის გზავნილი, რომ აშშ-ისთვის პრიორიტეტულია ჩინეთთან სამხედრო დონეზე ურთიერთობა.

პეკინში უსაფრთხოების ფორუმი 12-14 სექტემბერს არის დაგეგმილი. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, კონფერენციას 90-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაციები დაესწრებიან.

მაიკლ ჩეიზი იანვარში ვაშინგტონში შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის გამართულ სამხედრო მოლაპარაკებებს თავმჯდომარეობდა.