„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს ჰქონდათ მითითება, რომ არ ეთანამშრომლათ ამ მედიასაშუალებასთან
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანამშრომლებს მითითებული ჰქონდათ, არ ეთანამშრომლათ ფედერალური დაფინანსებით მომუშავე აღნიშნულ დამოუკიდებელ გლობალურ მაუწყებელთან. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი ინფორმაციის თავისუფლების აქტის (FOIA) საფუძველზე იყო გამოთხოვილი და პირველად კოლუმბიის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის თანამშრომლებისთვის 30 აპრილს გაგზავნილი ელექტრონული წერილის ავტორია მიჩონ რიჩი. წერილი ერთგვარი ინსტრუქციაა, რომელიც მედიისგან მიღებული ინტერვიუების თუ კომენტარების მოთხოვნებში „ნავიგაციის“ პროცესს აღწერს. რიჩი წარსულში სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პრესსპიკერი იყო. გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის კომუნიკაციების განყოფილებაში სამუშაოდ ის წლის დასაწყისში გადავიდა.
„ამერიკის ხმის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტისთვის და ვიცე-პრეზიდენტის ოფისში გადასაგზავნი მედიის მოთხოვნების სექციაში ფიგურირებს დიდი ასოებით აღნიშნული მითითება: „შენიშვნა: როგორც წესი, არ გადაგზავნოთ მოთხოვნა გრეტა ვან სუსტერენისგან, ან ნებისმიერი ადამიანისგან, ვინც „ამერიკის ხმასთანაა“ ასოცირებული“. დოკუმენტში ასევე დასახელებული არიან დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და განყოფილების სხვა თანამშრომლები.
„ამერიკის ხმის“ ცნობით, მითითებაზე დართულია თეთრი სახლის ვებგვერდზე 10 აპრილს გამოქვეყნებული წერილი. ის გლობალურ მაუწყებელს უცხოეთის პროპაგანდის სამსახურში მუშაობას სწამებს, სათაურით: „პანდემიის ფონზე, „ამერიკის ხმა“ თქვენს ფულს უცხოეთის პროპაგანდის წახალისებაში ხარჯავს“.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმამ“ კომენტარი სთხოვა დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრს. ცენტრმა დაადასტურა მოთხოვნის მიღების ფაქტი და თქვა, რომ პრესსპიკერი ამ საკითხს განიხილავს. ჯერჯერობით, „ამერიკის ხმას“ ცენტრისგან ინფორმაცია არ მიუღია.
ვეტერანი ჟურნალისტი და საინფორმაციო გადაცემების ცნობილი წამყვანი გრეტა ვან სუსტერენი „ამერიკის ხმასთან“ თანამშრომლობს და შეერთებული შტატების გლობალური მაუწყებლისთვის ორი ყოველკვირეული გადაცემა მიჰყავს. „გამაოგნებელი იყო ჩემთვის ის, რომ ეს „ამერიკის ხმას“ ეხება და რომ კონკრეტულად მე ვიყავი დასახელებული… არავის, არც დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრს, არც თეთრ სახლს, არც სხვაგან არავის არასდროს უთქვამს ჩემთვის, რომ ჩემი მასალები კორონავირუსზე ან რამე სხვა თემაზე უსამართლო ან არაზუსტი იყო“, – თქვა გრეტა ვან სუსტერენმა და მომხდარს „აბსურდული“ უწოდა.
„ამერიკის ხმის“ დირექტორმა ამანდა ბენეტმა კი განაცხადა, რომ ის ამ ინფორმაციამ შოკში ჩააგდო და ძლიერ შეშფოთებულია დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის შიდა მიმოწერასთან დაკავშირებით. კვირას, 14 ივნისს ამანდა ბენეტმა განაცხადა, რომ „ამერიკის ხმა“ – ფედერალური დაფინანსების მქონე დამოუკიდებელი სამაუწყებლო ორგანიზაცია – მტკიცედ უარყოფს ბრალდებებს და მოუწოდებს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრს დაუყოვნებლივ უკან წაიღოს ინსტრუქციები.
„ამერიკის ხმის“ დირექტორის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავისთავად ღრმად შემაშფოთებელია „კატეგორიული“ უარის თქმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებისთვის, მათ შორის გრეტა ვან სუსტერენისთვის მხოლოდ თეთრი სახლის კერძო მოსაზრების გამო, რომელიც „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით, „ასოშეითიდ პრესის“ მასალას უკავშირდებოდა.
ამანდა ბენეტიც ვეტერანი ჟურნალისტია, პრესტიჟული პულიცერის პრიზის მფლობელი. ის სააგენტოს 75-წლიანი ისტორიის მანძილზე, რიგით 29-ე დირექტორია, რომელიც „ამერიკის ხმის“ დირექტორად პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს დაინიშნა და მაუწყებელს უკვე ოთხი წელია, ხელმძღვანელობს. ბენეტის განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, თუ რა გავლენა შეიძლება მოეხდინა პანდემიის გაშუქებაზე აღნიშნულ აკრძალვას. თუმცა, მსგავსი აკრძალვების გავლენის მოწმე „ამერიკის ხმის“ თანამშრომლები „რეგულარულად“ არიან იმ ქვეყნებში, რომელთათვისაც ისინი მაუწყებლობენ და სადაც პრესა თავისუფალი არ არის, მათ შორის ჩინეთში და რუსეთში – აცხადებს ის.