ამერიკელი სენატორი - პუტინის მიერ რუსეთისთვის არჩეული გზა ისტორიული მასშტაბის ტრაგედიაა
რუსეთის ხელისუფლებამ ამერიკელ სენატორ რონ ჯონსონს ვიზა არ მისცა. ინფორმაციას რესპუბლიკელი სენატორის პრესსამსახური ავრცელებს.
„იმედი მაქვს, რუს პარლამენტარებთან დიალოგს შეუძლია, რომ შექმნას წინაპირობები ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები აგრძელებენ დიპლომატიურ თამაშებს და უარი მითხრეს რუსეთში ჩასვლაზე“, – ნათქვამია ჯონსონის განცხადებაში.
მისივე თქმით, ის კვლავაც მოითხოვს რუსეთის აგრესიაზე მკაცრი პასუხის გაცემას და ამასთან, მოსკოვთან სამართლიანი დიალოგის მომხრეა.
„გზა, რომელიც პუტინმა რუსეთისთვის აირჩია – ისტორიული მასშტაბის ტრაგედიაა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კანონის უზენაესობის და რუსეთის ეკონომიკის დასავლეთის დემოკრატიებთან ინტეგრაციის ნაცვლად, პუტინი შეიჭრა საქართველოში, შეეცადა უკანონოდ მოეხდინა ყირიმის ანექსია, წამოიწყო ომი უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა და მხარი დაუჭირა სირიის ბარბაროსულ რეჟიმს, რომელმაც ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა“, – აცხადებს რონ ჯონსონი.
რონ ჯონსონი რუსეთში გამგზავრებას ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციის შემადგენლობაში აპირებდა. ამერიკელი კანონმდებლების რუსეთში ვიზიტის თარიღი და დელეგაციის სხვა წევრების ვინაობა არ სახელდება.