ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი, რომელიც ქრთამის აღებაში იყო ბრალდებული, ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს
ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი, რომელიც ქრთამის აღებაში იყო ბრალდებული, 18 საქმეზე დამნაშავედ ცნეს. გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს.
სენატორ მენენდესს ბრალი ედებოდა 18 საქმეზე, მათ შორის თაღლითობაში, უცხოური აგენტის როლის შესრულებასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში.
პროკურორების განცხადებით, ამერიკელი სენატორი ქრთამის აღების რამდენიმე სქემაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც სენატორმა და მისმა მეუღლემ, ეგვიპტის მთავრობის დახმარების სანაცვლოდ, სამი ბიზნესმენისგან ასობით ათასი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული, ოქროს ზოდები და ძვირადღირებული მანქანა მიიღეს. ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ბრალი აღიარა და მისცა ჩვენება, როგორც პროკურატურის მოწმემ მენენდესის წინააღმდეგ.
თავად მენდენსი რვაკვირიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში ბრალს არ აღიარებდა.
აღნიშნულ საქმეებზე ბრალი ედება მენენდესის მეუღლესაც, თუმცა მისი სასამართლო პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
ცნობისთვის, სენატორი მენენდესი ამჟამად არჩევნებში იყრის კენჭს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. ის აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, თუმცა თანამდებობიდან ბრალის წაყენების შემდეგ გადადგა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მენენდესს ქრთამის აღებაში წაუყენეს ბრალი. მას ქრთამის აღებაში 2015 წელსაც წაუყენეს ბრალი, თუმცა მაშინ ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვანი განაჩენის გამოტანა ვერ შეძლეს.