ამერიკელი მილიარდერის შვილი კორონავირუსის წესების დარღვევის გამო ისრაელიდან გააძევეს
ამერიკელი მილიარდერის შვილი კორონავირუსის წესების დარღვევის გამო ისრაელიდან გააძევეს. საუბარია „სიბიესის“, „შოუთაიმისა“ და „პარამაუნთ ფიქჩერსის“ ერთ-ერთ მფლობელ შარი რედსტოუნის შვილზე, რომელიც ისრაელში ძმის სანახავად ჩავიდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მეგობარ გოგონას შეხვდა.
ამერიკელი მედიამაგნატის ვაჟი ბრანდონ კორფი ისრაელში პარასკევს ჩავიდა. საიმიგრაციო სამსახურმა მას ქვეყანაში შესასვლელად და ისრაელის არმიაში მომსახურე ძმის სანახავად, სპეციალური ნებართვა მისცა.
„კორფმა დაარღვია იზოლაციის წესი და პარტნიორი მოინახულა, მასთან ერთ ბინაში დარჩა. ამიტომ, მან უნდა დატოვოს ქვეყანა“, – აცხადებენ ისრაელის საიმიგრაციო სამსახურში.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო ისრაელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა მარტში აუკრძალა.