კონგრესმენი ტედ პო აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესმენმა ტედ პომ (რესპუბლიკელი-ტეხასი) აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს რობერტ ლაითჰაიზერს წერილით მიმართა.
წერილის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გწერთ, როგორც საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ძლიერი მხარდამჭერი, რათა განიხილოთ ჩვენს მოკავშირე საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი“ – აღნიშნულია წერილში.
„საქართველო აშშ-ის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების სფეროში შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო ასრულებს ძირითად როლს კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენს ერებს შორის სავაჭრო ბარიერების შემცირება ხელს შეუწყობს ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას,“ – აღნიშნავს კონგრესმენი.
კონგრესმენ პოს განმარტებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული მაღალი დონის სავაჭრო დიალოგის წყალობით, ორივე ქვეყნის კომპანიებს, დასაქმებულებსა და მომხმარებლებს შორის მზარდი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველი არსებობს, რაც სავაჭრო კავშირების სრული პოტენციალით განვითარების საშუალებას იძლევა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, წერილში ხაზგასმულია საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა, რაც საერთო ჯამში 120 მილიონიან სამომხმარებლო ბაზარსა და 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
„2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების შეთანხმება, რომელმაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა შექმნა. საქართველომ ბოლო პერიოდში განახორციელა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის საგადასახადო და სარეგულაციო სფეროში, რამაც გააუმჯობესა საინვესტიციო გარემო. აშშ-ის ბიზნესს და დასაქმებულებს ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მეშვეობით უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ საქართველოს გაუმჯობესებული ბიზნეს გარემოთი. ჩვენს ერებს შორის უფრო ღრმა ეკონომიკური ინტეგრაციის სარგებელი შეუფასებელია, რადგან იგი აღემატება საქონლის, მომსახურებისა და ინვესტირების თავისუფლად მიმოქცევის მიმართულებით მიღებულ სარგებელს. ვაჭრობის გაზრდა სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოიტანს ორივე ქვეყნისთვის. ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის ეკონომიკური და გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მე მტკიცედ მოგიწოდებთ ორმხრივი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად დაიწყოთ მოლაპარაკებები,“ – ნათქვამია წერილში.
ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ასევე აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების რეკომენდაციით, 28 კონგრესმენმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს რობერტ ლაიტჰაიზერს საქართველოსადმი ძლიერი ორპარტიული მხარდამჭერი წერილით მიმართა.