ამაზონის ერთ ტომს მსოფლიოში დემენციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს — რა შეიძლება ვისწავლოთ #1tvმეცნიერება
ამაზონის ერთ ტომს მსოფლიოში დემენციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს — რა შეიძლება ვისწავლოთ #1tvმეცნიერება

კარგად არის ცნობილი, რა გამანადგურებელი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ადამიანზე ალცჰაიმერს და დემენციის სხვა ტიპებს, მაგრამ ნაკლებად არის ცნობილი, როგორ იწყება ისინი თავის ტვინში და რა შეიძლება გაკეთდეს მათი დასაწყისშივე მკურნალობის ან პრევენციის მიზნით.

ზოგიერთი მინიშნება შეიძლება ვიპოვოთ ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მცხოვრებ ადგილობრივ ხალხში. ახალ კვლევაში გაირკვა, რომ იქაურ ორ ტომს დემენციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღენიშნება მთელ მსოფლიოში.

ამ აღმოჩენის შედეგად ჩნდება მოსაზრება, რომ პოსტინდუსტრიული ცხოვრების შემდეგ თავის ტვინში რაღაც მოხდა, რამაც ასეთი აშლილობების მაჩვენებელი გაზარდა. მართალია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ მონადირე-შემგროვებლობას უნდა დავუბრუნდეთ, მაგრამ გასათვალისწინებელია მათთვის, ვინც დემენციასა და მის გავლენებს სწავლობს.

შეისწავლეს ამაზონის ბოლივიურ ნაწილში მცხოვრები ორი ჯგუფი: ციმანესა და მოსეტენის ხალხი. ხანდაზმულ ადამიანებში დემენციის მაჩვენებელი მხოლოდ დაახლოებით ერთი პროცენტი აღმოჩნდა, რაც აშშ-ში, 65 წელს ზემოთ ადამიანებში 11 პროცენტია.

„როგორც ჩანს, ციმანესა და მოსეტენის ხანდაზმულებს დემენციისგან ინდუსტრიალიზაციამდელი ცხოვრების სტილის რაღაც დეტალები იცავს“, — ამბობს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი მარგარეტ გეტცი.

დემენციის შეფასება მოახდინეს კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT), კოგნიტური შეფასებებისა და კითხვარების კომბინაციის საფუძველზე.

მიუხედავად იმისა, რომ დემენციის მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო, დაახლოებით მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მსგავსი მაჩვენებლით იყო წარმოდგენილი ნაკლებად მძიმე ფორმის ნიშნები, რომელსაც „მსუბუქ კოგნიტურ გაუარესებას“ (MCI) უწოდებენ: დაახლოებით 8 პროცენტი ციმანეს ხალხში და 10 პროცენტი მოსეტენის ხალხის 60 წელს გადაცილებულ პირებში.

კვლევის შემდეგი გზა მეცნიერთათვის არის იმის უფრო ზუსტად განსაზღვრა, რა იწვევს ასეთ სხვაობას. მსოფლიოს სხვა ნაწილებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულებში დემენციის მაჩვენებელი 0,5-დან 20 პროცენტამდე მერყეობს.

აშკარად დიდი სხვაობაა პოსტინდუსტრიულ ცხოვრების სტილსა ამაზონის ამ ტომის ცხოვრების სტილს შორის — თუნდაც კვების რაციონის, ვარჯიშის, სანიტარიის, მკურნალობის თვალსაზრისით. თუმცა, მაინც ძნელია ცალკეულ რისკფაქტორთა გამოყოფა.

გარდა ამისა, ზოგიერთი ადგილობრივი ჯგუფი სხვებზე მეტად მოერგო უფრო თანამედროვე ცხოვრების სტილს: მოსეტენის ხალხი ციმანეს ჯგუფზე მეტად იზოლირებულია. ცხოვრობენ ქალაქებთან და სკოლებთან ახლოს, უკეთესად მიუწვდებათ ხელი სუფთა წყალზე.

„რაც ვიცით, ის არის, რომ მჯდომარე, ურბანული, ინდუსტრიული ცხოვრება საკმაოდ ახალია იმასთან შედარებით, როგორც ჩვენი წინაპრები ცხოვრობდნენ, კაცობრიობის არსებობის 99 პროცენტში“, — ამბობს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ბენიამინ ტრამბლი.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბევრი რამ არ ვიცით, დემენციის შესახებ ჩვენი ცოდნა მაინც უმჯობესდება. როგორც წინა კვლევებმა აჩვენა, მის განვითარებაში წვლილი შეაქვს როგორც ფიზიკურ არააქტიურობას, ისე ჰაერის დაბინძურებას.

ახალი კვლევის მიერ შემოთავაზებული ერთი მინიშნება შეიძლება იყოს კვლევაში მონაწილე დემენციის ან „მსუბუქ კოგნიტურ გაუარესების“ პაციენტების თავის ტვინში არტერიების უჩვეულო გამაგრება. მეცნიერები იმის გარკვევას ცდილობენ, რამდენად და როგორ შეიძლება ერთმანეთთან იყოს დაკავშირებული სისხლის დინება და დემენცია.

ასევე შეიძლება იყოს კავშირი გულის დაავადებებთან და ტვინის დაბერებასთან. მაგალითად, ციმანეს ხალხის ხანდაზმულები ცნობილი არიან განსაკუთრებით ჯანმრთელი გულებით მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით.

„ნამდვილ რბოლაში ვართ, რომ გადავჭრათ ალცჰაიმერის დაავადებისა და მასთან დაკავშირებული დემენციების სულ უფრო მზარდი პრობლემა“, — ამბობს კალიფორნიის ჩაპმანის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ჰილარდ კაპლანი.

სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებულ პოპულაციათა კვლევა კი ამ დაავადების შესახებ ბევრ ახალ, საჭირო ცნობას გვაძლევს.

კვლევა ჟურნალ Alzheimer’s & Dementia-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.usc.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.