თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ტესტი დღეს კიდევ 10 პაციენტს ჩაუტარდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსზე ტესტს, დილის მონაცემებით, კიდევ ათ პაციენტს აუღებენ.
„ამ ეტაპისთვის ქვეყანაში დაფიქსირებულია 73 შემთხვევა, ჩვენს ცენტრში არის 42, ხოლო 31 სხვა დანარჩენ ხუთ დაწესებულებაში. გუშინ ჩვენს ცენტრში ორ ეტაპად ჩატარდა ტესტირება, 21 პაციენტზე და ჯამურად სამთან მივიღეთ დადებითი პასუხი. დღეს უკვე 10 პაციენტზე მოხდება სინჯების აღება“ ,- განაცხადა ეზუბაიამ.
მისივე თქმით, მათ ცენტრში ბოლოს გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ისტორია, საფრანგეთსა და ამერიკას უკავშირდება.
„ყველა შემთხვევა იმპორტირებულია. ყველა პაციენტი, ვინც ჩვენთან თავსდება, მათი ღრმა გამოკითხვით დგინდება, რომ ყველა იყო თვითიზოლაციაში. ჯერჯერობით კრიტერიუმი დაავადების შესაძლო შემთხვევის განმარტებად კვლავ რჩება მოგზაურობის ისტორია და კონტაქტი ინფიცირებულთან. სამხედროებს რაც შეეხება, ვიცი რომ ორი ახალი პაციენტი ჩვენს ცენტრშია და არ არის სამხედრო, ის ერთიც არ არის, დანარჩენი გაირკვევა და ბატონი ამირანი მოგახსენებთ“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 73 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 10 გამოჯანმრთელებულია.