ალუდა ღუდუშაური - ზახაროვას ვურჩევდი, პასუხი გასცეს, როდის აპირებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებით  ვალდებულებების შესრულებას
ალუდა ღუდუშაური - ზახაროვას ვურჩევდი, პასუხი გასცეს, როდის აპირებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებით  ვალდებულებების შესრულებას

შეგვიძლია, მარია ზახაროვა და რადიკალური ოპოზიცია არც გავყოთ და ერთ კლასტერად მოვიხსენიოთ. მათი განცხადებები სრულიად არასერიოზულია, ზახაროვა იქნება თუ ოპოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ალუდა ღუდუშაური გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი საქართველოსგან ითხოვს სავალდებულო შეთანხმებას ორი ქვეყნის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

ღუდუშაურის თქმით, რუსეთმა შეთანხმებით აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

„მათ შევახსენებ, რომ რუსეთს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები აქვს დარღვეული და უნდა შეასრულოს. მას დაეწია ჰააგისა და სტრასბურგის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულია და მეტ მხარდაჭერას აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტთან მიმართებით. შესაბამისად, ზახაროვას ვურჩევდი, როგორმე ის რეალობა გაიხსენოს, რაც არის და გასცეს პასუხი, მისი ქვეყანა საქართველოსთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას როდის აპირებს. მარია ზახაროვას განცხადება ამორალურია, დამახინჯებულია, ფაქტების უგულებელყოფაა. მისი ქვეყანა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი სახელმწიფო და ვალდებულებები აქვს შესასრულებელი. მისმა ქვეყანამ და ზახაროვას ხელმძღვანელებმა თუ რაიმე უნდა დაიწყონ, ეს ვალდებულებების დროული შესრულებაა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.