ალუდა ღუდუშაური - ლავროვის განცხადება საერთოდ არ არის საინტერესო, გირჩევდით, ნაკლები დრო დაუთმოთ მის განცხადებებს
ალუდა ღუდუშაური - ლავროვის განცხადება საერთოდ არ არის საინტერესო, გირჩევდით, ნაკლები დრო დაუთმოთ მის განცხადებებს

საერთოდ არ არის საინტერესო, გირჩევდით, სულ უფრო და უფრო ნაკლები დრო დაუთმოთ ლავროვის განცხადებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ღუდუშაურმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებაზე, სადაც სერგეი ლავროვმა აღნიშნა: „ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისში ამჟამინდელი მთავრობა დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის“.

ალუდა ღუდუშაურის თქმით, მისთვის საინტერესო არ არის, რას იტყვის ლავროვი.

„ლავროვის და ოკუპანტი რუსეთის პოზიცია ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით ნათელია. შესაბამისად, არ მაინტერესებს, თქვენც გირჩევთ, არ დაინტერესდეთ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, – „ლავროვის განცხადების ფონზე, როგორ შეაფასებდით ოპონენტების განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოიტყუა, როცა აღნიშნავდა, რომ  ფრენებზე რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება?“ – ღუდუშაურმა განაცხადა:

„ტყუილები მოიკითხეთ თქვენკენ. ლავროვთან კონტაქტები ძალიან კარგად აქვს თქვენს წარმომადგენლებს და დაუსვით კითხვა. ოპოზიციიდან თუ გულისხმობდით იმას, ვინც უნისონში მოქმედებს ჩვენი ქვეყნის დაზიანებისთვის, არ მაინტერესებს. ასევე, საერთოდ არ მაინტერესებს, რას საუბრობს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. კრიტიკული ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, ყველაფერი გადასცეს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს, თუკი რამე შეიძლებოდა, რომ რუსული საქმე და რუსული ინტერესები გატარებულიყო. კარგად გაეცანით, რა გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ. საერთოდ არ მაინტერესებს ის ოპონენტები, რომლებმაც ხელი მოაწერეს, მათ შორის, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას, თურმე საქართველომ, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა კასეტური ბომბებით დაგვიბომბა მძინარე ცხინვალი. ეს ოპონენტები საერთოდ არ მაინტერესებს, ლავროვთან გათანაბრებული არიან, მეტიც, უარესები არიან“.