სერგეი ლავროვი - ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისში ამჟამინდელი მთავრობა დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით
სერგეი ლავროვი - ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისში ამჟამინდელი მთავრობა დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით

დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვეტია. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით „ხელი აწია“ საკუთარ მოქალაქეებზე და ოსებზე, რომლებიც მას თავის მოქალაქეებად მიაჩნდა, ასევე მშვიდობისმყოფელებზეც. როდესაც მან ღირსეული პასუხი მიიღო, თავისი სრული პოლიტიკური, სამხედრო მარცხის ანტირუსული ქმედებებით „კომპენსირება“ დაიწყო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.

ლავროვის თქმით, არასდროს ჰქონიათ ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. ამასთან, სერგეი ლავროვი აღნიშნავს, რომ „თბილისში ამჟამინდელი მთავრობა დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით“.

„მართლა გვიყვარს ქართველი ხალხი, ისევე როგორც სამხრეთ კავკასიის ყველა ერი. რუსეთის, საბჭოთა კავშირის და ჩვენი ხელოვნების, კულტურის, მეცნიერების ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისში ამჟამინდელი მთავრობა დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ადამიანებს სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთთან სტუმრობა, ორივე ქვეყანაში ტურისტებად ჩასვლა და ბიზნესის წარმოება, რომელიც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს სამეურნეო სისტემებს. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის უკვე საკმაოდ დიდი ხანია, არსებობდა. მრავალი ჩვენი მოქალაქე სარგებლობდა ამით. უვიზო რეჟიმის შემოღება ახლა ორმხრივ საფუძველზეა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც და საჰაერო კავშირის დამყარება ჩვენს კავშირებს ბევრად მოსახერხებელს და კომფორტულს ხდის. რეისების რაოდენობა და პირდაპირი რეისების გეოგრაფია იზრდება. იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ჩვენთან პოპულარულია ბევრი ტრადიციული ქართული საექსპორტო საქონელი: ღვინო, „ბორჯომი“ და მრავალი სხვა“, – განაცხადა ლავროვმა.