ალუდა ღუდუშაური - უმჯობესი იქნებოდა, ნარკოტესტთან დაკავშირებით კახა კალაძის ინიციატივა მერობის ყველა კანდიდატს გაეზიარებინა
გიორგი გახარიამ ტესტის ჩაბარება არ ისურვა, როგორც ჩანს, მას პრობლემები აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, უმჯობესი იქნებოდა, თუ მერობის ყველა კანდიდატი გაიზიარებდა ნარკოტესტთან დაკავშირებით კახა კალაძის ინიციატივას.
„ყველას, ვინც დედაქალაქში ცხოვრობს, ვეკითხები – უნდათ თუ არა მათი მერი ცხოვრების არაჯანსაღი წესით იყოს დაკავებული? გინდათ თუ არა, ნარკოტესტიდან გამომდინარე ჰქონდეთ ინფორმაცია, რასთან აქვთ საქმე? გიორგი გახარიამ ტესტის ჩაბარება არ ისურვა. როგორც ჩანს, მას აქვს პრობლემები. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს მაღალი სტანდარტი მოეთხოვება და უმჯობესი იქნებოდა, კახა კალაძის მსგავსად, ნარკოტიკული ტესტი გიორგი გახარიასა და მერობის სხვა კანდიდატებსაც ჩაებარებინათ. როდესაც გაქვს პრეტენზია, იყო დედაქალაქის მერი, ასეთ შემთხვევაში, ტესტი დაუყონებლივ უნდა ჩააბარო და საზოგადოებას დაანახო, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესით ხარ დაკავებული. თავი არ უნდა აარიდო და ათასნაირი სპეკულაცია არ უნდა დაიწყო“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის გავლა 4 სექტემბერს შესთავაზა.
ინიციატივასთან დაკავშირებით, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნარკოტესტთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა, რის გამოც თმის ანალიზს ევროპაში ჩააბარებდა.
გუშინ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ავსტრიაში ნარკოტესტი უკვე ჩააბარა.