ალუდა ღუდუშაური - არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის ცრუპენტელობას უკვე იურიდიულად, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაესვა წერტილი
არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის ცრუპენტელობას უკვე იურიდიულად, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაესვა წერტილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან საგამოძიებო კომისიის მუშაობისთვის ბოიკოტის გამოცხადება მიუთითებს, რომ მათ დარღვევებზე არგუმენტები არ ჰქონდათ.
„საპარლამენტო დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით შეიქმნა, უაღრესად მნიშვნელოვანი და შრომატევადი საქმიანობა გასწია, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ დღეს ჩვენ, საქართველოს ჰყავს ცრუპენტელა და მატყუარა ოპოზიცია, რომლის ამ ტყუილებს და ცრუპენტელობას, უკვე იურიდიულად, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაესვა წერტილი. ეს არის თვალშისაცემია. მათი მხრიდან „უნდობლობა“ და ბოიკოტი, რომელიც გამოუცხადეს და არ მიიღეს მონაწილეობა დროებით საგამოძიებო კომისიაში, ღიად მიუთითებს და მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ მათ არ ჰქონდათ არგუმენტი იმისა, რომ არჩევნებმა ჩაიარა სერიოზული დარღვევებით, გაყალბების ფონზე. ამიტომ ეს არის უაღრესად წმინდა წყლის სიცრუე, რომლის დადასტურებაც მოხდა ახლა უკვე საგამოძიებო კომისიის ფორმატში და ეს მათ კარგად იცოდნენ. ამიტომ საგამოძიებო კომისიის ფორმატში უარის თქმა განპირობებულია იმით, რომ თავიდანვე იცოდნენ, მათ ტყუილებს ფარდა აეხდებოდა და საზოგადოება დაინახავდა, რა დგას რეალურად ამ უარის უკან“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
ხვალ, 26 ივლისს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.