ალკოჰოლიკი ვირთხები მეცნიერებმა თავის ტვინზე ლაზერის დასხივებით განკურნეს
ამერიკული სამედიცინო კვლევების ორგანიზაცია „სკრიპს რესერჩის“ მეცნიერთა განცხადებით, მათ მიაგნეს გზას, როგორ უკუაქციონ ვირთხების დამოკიდებულება ალკოჰოლზე. ამისათვის, მკვლევრებმა მათ ტვინში კონკრეტულ ნეირონებს ლაზერის ნაკადები დაასხივეს.
„სკრიპსის“ პროფესორის, ოლივერ ჯორჯის განცხადებით, ამ აღმოჩენაში ყველაზე ამაღელვებელი ის არის, რომ უბრალოდ „გადართვის“ გზით, მათ შეძლეს ალკოჰოლის მიღების მოტივაციის კონტროლი მასზე ძლიერ დამოკიდებულ ინდივიდებში.
პროფესორის თქმით, თუკი თავის ტვინში გადავნერგავთ ბოჭკოვან ოპტიკას და ჩავრთავთ ლაზერს, რომელიც სპეციფიკურად ამ ნეირონებს შეაფერხებს, შესაძლებელი ხდება ალკოჰოლის მოხმარებისა და მისგან თავშეკავებისთვის დამახასიათებელი ფიზიკური სიმპტომების დრამატული შემცირება.
მიუხედავად ვირთხებში დაფიქსირებული საკმაოდ იმედისმომცემი შედეგებისა, ჯერ ბოლომდე უცნობია, იქნება თუ არა ეს მეთოდი ასეთივე ეფექტიანი ადამიანთა შემთხვევაში.
„სკრიპსის“ მეცნიერები იმედიანად არიან განწყობილი, კვლევას აგრძელებენ და აღნიშნავენ, რომ ადამიანებზე ამ ტექნოლოგიის შემოწმება უახლოეს ათწლეულებში გახდება შესაძლებელი.
მათი განცხადებით, აღნიშნული კვლევა მოითხოვს მოწინავე ტექნოლოგიებს, რომელთა გამოყენებაც ადამიანებზე ამ ეტაპზე აკრძალულია, მაგრამ დაახლოებით 15-30 წელიწადში ნამდვილად ვიხილავთ ალკოჰოლიკებს, რომლებსაც სმის კონტროლისთვის თავში სპეციალური იმპლანტები ექნებათ.
მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით.