ალგეთის ეროვნულ პარკში ახალი ეკოტურისტული ატრაქცია – თოკების პარკი მოეწყობა. ამის შესახებ, საგრანტო ხელშეკრულება ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაფორმდა, რომლის თანახმადაც ალგეთის ეროვნული პარკის ეკოტურისტული განვითარებისთვის 250 000 ლარი დაიხარჯება.
ხელშეკრულებას ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ, ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) თავმჯდომარე ივანე გრიგოლაშვილმა და საკონსულტაციო ჯგუფ „GFA”-ს წარმომადგენელმა რამაზ გოხელაშვილმა მოაწერეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილი იქნება სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ასევე, ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.
ადმინისტრაციაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებასა და პოტენციალზე იმსჯელეს. ახალ ტურისტულ სეზონზე ვიზიტორები ახალაშენებული ვიზიტორთა ცენტრითა და კეთილმოწყობილი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 250,000 ლარს, საიდანაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში RDFG-ის მხარდაჭერით მიმდინარე ENPARD პროექტის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი გრანტის ოდენობა წარმოადგენს 150,000 ლარს, ხოლო დარჩენილი 100,000 ლარის გამოყოფა განხორციელდება „კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა – საქართველო“ პროექტის ფარგლებში.
ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) „პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის ფარგლებში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია ATA და ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელი.