ალექსეი რეზნიკოვი - უკრაინის მზადება კონტრშეტევისთვის ფინალურ სტადიაზეა
უკრაინის მზადება კონტრშეტევისთვის ფინალურ სტადიაზეა, – ამის შესახებ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
„მზადება სრულდება, რადგან, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიღების გარდა, ჩვენმა სამხედროებმა ისინი უნდა აითვისონ. ჩვენ მივიღეთ ძალიან თანამედროვე სისტემები“, – განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.
როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, დასავლეთის მიერ დაპირებული ტექნიკის ნაწილი უკრაინამ უკვე მიიღო.
თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინამ მიიღო „ლეოპარდ-2“-ის, „ჩელენჯერის“ ტიპის ტანკები, ასევე სხვადასხვა სახის ჯავშანმანქანები, ასევე ელოდებიან „ლეოპარდ-1“-ის და „აბრამსის“ ტიპის ტანკების მიწოდებას.
ამასთან, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ „აბრამსის“ ტიპის ამერიკული ტანკები ამ კონტრშეტევაში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა უკრაინელი სამხედროები მათი მართვის შესასწავლად უკვე გაემგზავრნენ.
რეზნიკოვის თქმით, უკრაინამ უკვე მიიღო 80 მილიარდზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება. ამასთან, კიევის სამხედრო დახმარებაში უმსხვილესი კონტრიბუტორი ამერიკის შეერთებული შტატებია.