ალექსეი ნავალნის პრესმდივანი - ალექსეი ნავალნის დედას ულტიმატუმი წაუყენეს, სამი საათის განმავლობაში დათანხმდეს შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაცვლილს კოლონიაში დაკრძალავენ
ალექსეი ნავალნის დედას ულტიმატუმი წაუყენეს, სამი საათის განმავლობაში დათანხმდეს შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაცვლილის ცხედარს იმ კოლონიაში დაკრძალავენ, სადაც სასჯელს იხდიდა, – ამის შესახებ გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში იუწყება.
„ერთი საათის წინ ალექსეის დედას გამომძიებელმა დაურეკა და ულტიმატუმი წაუყენა: ან მომდევნო სამი საათის განმავლობაში დათანხმდება საიდუმლო დაკრძალვას, საჯარო გამომშვიდობების გარეშე, ან ალექსეის კოლონიაში დაკრძალავენ“, – განაცხადა კირა იარმიშმა.
იარმიშის თქმით, ნავალნის დედამ უარი თქვა საგამოძიებო კომიტეტთან მოლაპარაკებების წარმოებაზე, რადგან „მათ უფლებამოსილება არ აქვთ, თუ სად და როდის დაკრძალონ მისი შვილი“.
როგორც გარდაცვლილი ოპოზიციონერის პრესმდივანმა აღნიშნა, ნავალნის დედა ითხოვს კანონის დაცვას, რომელიც გამომძიებლებს ავალდებულებს ცხედრის გადაცემას სიკვდილის მიზეზის დადგენიდან ორი დღის განმავლობაში.
„სამედიცინო დოკუმენტების თანახმად, რომელსაც მან ხელი მოაწერა, ეს ორი დღე ხვალ იწურება. ის მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ მისცეს პანაშვიდებისა და დაკრძალვის ჩატარება არსებული წეს-ჩვეულებების მიხედვით“, – აღნიშნავს იარმიში.