ალექსეი ნავალნის პრესმდივანი აცხადებს, რომ ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის განცხადებით, ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს.
„ალექსეის ცხედარი დედას გადასცეს. მადლობა ყველას, ვინც ამას ჩვენთან ერთად მოითხოვდა. ჯერ ლუდმილა ივანოვნა სალეხარდეშია. პანაშვიდები წინაა. ჩვენ არ ვიცით, შეუშლის თუ არა ხელისუფლება მის ისე ჩატარებას ხელს, როგორც ეს ოჯახს სურს და როგორც ამას ალექსეი იმსახურებს“, – წერს კირა იარმიში.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 თებერვალს გარდაიცვალა.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს, სადაც მას საწამლავით მკვლელობის მცდელობის გამო მკურნალობდნენ. რუს ოპოზიციონერს ექსტრემიზმის ბრალდებით 19 წელი მიესაჯა სასჯელაღსრულების კოლონიაში. ნავალნი თავდაპირველად ვლადიმირის რეგიონში იხდიდა სასჯელს, მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით, 230 კილომეტრში, მაგრამ გასული წლის ბოლოს გადაიყვანეს „სპეციალური რეჟიმის“ სასჯელაღსრულების კოლონიაში, რომელიც იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.