თბილისში მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო საქართველოში რუსეთის ყოფილ საელჩოს შენობასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს ყვავილები, სანთელები, ალექსეი ნავალნის სურათები და პლაკატები წარწერით: „პუტინი არის მკვლელი“.
აქცია ასევე გაიმართა ბათუმში, ანბანის კოშკთან.
„ნავალნი მოკლეს, ის იყო თავისუფალი რუსეთის სიმბოლო, ჩვენი იმედი. ის მოკლეს, მაგრამ ჩვენში ვერ ჩაკლავენ ბრძოლის სურვილს და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რასაც თავისუფალი რუსეთი ჰქვია“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.