ალექსეი ნავალნის ფონდის დირექტორი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფონდი მაუწყებლობის დაწყებას საქართველოდან გეგმავს
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დირექტორი ივან ჟდანოვი ყალბს უწოდებს რუსული გამოცემა „ერბეკას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ფონდი მაუწყებლობის დაწყებას საქართველოდან გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „დოჟდი“ ავრცელებს.
რუსულმა გამოცემა „ერბეკამ“ ნავალნის ფონდთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნის ფონდის რამდენიმე წარმომადგენელი უკვე გადავიდა საქართველოში. „ერბეკას“ ინფორმაციით, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ თბილისში „ნავალნი ლაივის“ სტუდიის შექმნას გეგმავს, რის გამოც, ფონდის თანამშრომლები მაუწყებლობის ორგანიზებისთვის მოსკოვის სტუდიიდან თბილისში ტექნიკას გზავნიან.
ივან ჟდანოვმა „დოჟდს“ განუცხადა, რომ ინფორმაცია, მათი თანამშრომლების საქართველოში გადასვლის შესახებ, ყალბია.
„ფონდის რამდენიმე თანამშრომელი ნამდვილად ისვენებს იქ, მაგრამ ჩვენ არ ვაკონტროლებთ თანამშრომლების პირად ცხოვრებას“, – განაცხადა ჟდანოვმა.