ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს გამომძიებლებმა განუცხადეს, რომ პოლიტიკოსის ცხედარს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ, ვიდრე ექსპერტიზა გრძელდება
ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს გამომძიებლებმა განუცხადეს, რომ პოლიტიკოსის ცხედარს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ, ვიდრე ექსპერტიზა გრძელდება

ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს გამომძიებლებმა განუცხადეს, რომ პოლიტიკოსის ცხედარს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ, ვიდრე ექსპერტიზა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ალექსეი ნავალნის თანაგუნდელები ავრცელებენ.

„გამომძიებლებმა უთხრეს ალექსეის ადვოკატებსა და დედას, რომ ცხედარს არ გადასცემენ. მას კიდევ 14 დღის განმავლობაში რაღაც „ქიმიური ექსპერტიზა“ უნდა ჩაუტარონ“, – აღნიშნა ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა.

მანამდე ნავალნის თანაგუნდელმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციონერის გარდაცვალების გამო წინასწარი გამოძიების ვადები გაახანგრძლივა.

„ჩვენ ეს ომსკში მოწამვლის შემდეგ გამოვიარეთ. გამოვიარეთ ნივთებთან დაკავშირებით, რომლებსაც მოწამვლის შემდეგ არ გვიბრუნებდნენ. ერთი მეორის მიყოლებით ახანგრძლივებდნენ შემოწმების ვადებს და საბოლოოდ არაფერი დაგვიბრუნეს. გასაგებია, რითი არიან ისინი ახლა დაკავებულები. ასუფთავებენ თავიანთი დანაშაულის კვალს“, – წერს ჟდანოვი.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. ის ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში დაეშვა, საიდანაც ორი დღის შემდეგ, ოჯახის წევრებისა და ადვოკატების მოთხოვნით, პოლიტიკოსი გერმანიაში გადაიყვანეს. მოგვიანებით გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. აღნიშნული დასკვნა შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმაც დაადასტურეს. 2021 წლის იანვარში ოპოზიციონერი სამშობლოში დაბრუნდა, ის შერემიტიევოს აეროპორტშივე დააკავეს.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ სასჯელაღსრულების სამსახურმა 16 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია. ალექსეი ნავალნი 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. მას ექსტრემიზმის ბრალდებით 19 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. პოლიტიკოსი ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს.