რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.
რუსი ოპოზიციონერის დაღუპვის ოფიციალური მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ, სადაც მას საწამლავით მკვლელობის მცდელობის გამო მკურნალობდნენ. რუს ოპოზიციონერს ექსტრემიზმის ბრალდებით 19 წელი მიესაჯა სასჯელაღსრულების კოლონიაში. ნავალნი თავდაპირველად ვლადიმირის რეგიონში იხდიდა სასჯელს, მოსკოვიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 230 კილომეტრში, მაგრამ გასული წლის ბოლოს გადაიყვანეს „სპეციალური რეჟიმის“ სასჯელაღსრულების კოლონიაში, რომელიც იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.