ალექსეი ნავალნი რუსეთში დაგეგმილ საპენსიო რეფორმას ადამიანების ძარცვად აფასებს და საპროტესტო აქციებს გეგმავს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საპენსიო ასაკის ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს აპირებს.
როგორც BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წერს, აქციების ჩატარება იგეგმება იმ ქალაქებში, სადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი არ იმართება. დემონსტრაციები პირველ ივლისს რუსეთის 20 ქალაქშია დაგეგმილი.
„გამოდით ქუჩაში ახლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ პენსიამდე ვერ იცოცხლებთ“, – აცხადებს ალექსეი ნავალნი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
რუსი ოპოზიციონერი ქვეყანაში დაგეგმილ საპენსიო რეფორმას მილიონობით ადამიანის ძარცვად აფასებს.
„მოდით გულწრფელად ვთქვათ: პუტინისა და მედვედევის მეირ ჩაფიქრებული საპენსიო ასაკის გაზრდა არის ნამდვილი დანაშაული. ეს არის ათობით მილიონი ადამიანის ძარცვა „რეფორმის“ საბაბით. ჩვენ გავაპროტესტებთ ამას ყველა ძალით და თქვენც ამისკენ მოგიწოდებთ “, – დაწერა ნავალნიმ „ინსტაგრამში“.
რუსეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის გეგმის შესახებ გასულ კვირას გამოაცხადა.
საპენსიო ასაკი 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს, რეფორმა ქალებისთვის 2034 წელს, მამაკაცებისთვის – 2028 წელს უნდა დასრულდეს. ქალებისთვის საპენსიო ასაკი 55-დან 63 წლამდე გაიზრდება, მამაკაცებისთვის კი 60-დან 65-მდე.