ალექსეი ნავალნი რუსეთში დაგეგმილ საპენსიო რეფორმას ადამიანების ძარცვად აფასებს და საპროტესტო აქციებს გეგმავს
ალექსეი ნავალნი რუსეთში დაგეგმილ საპენსიო რეფორმას ადამიანების ძარცვად აფასებს და საპროტესტო აქციებს გეგმავს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი საპენსიო ასაკის ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს აპირებს.

როგორც BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წერს, აქციების ჩატარება იგეგმება იმ ქალაქებში, სადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი არ იმართება. დემონსტრაციები პირველ ივლისს რუსეთის 20 ქალაქშია დაგეგმილი.

„გამოდით ქუჩაში ახლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ პენსიამდე ვერ იცოცხლებთ“, – აცხადებს ალექსეი ნავალნი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

რუსი ოპოზიციონერი ქვეყანაში დაგეგმილ საპენსიო რეფორმას მილიონობით ადამიანის ძარცვად აფასებს.

„მოდით გულწრფელად ვთქვათ: პუტინისა და მედვედევის მეირ ჩაფიქრებული საპენსიო ასაკის გაზრდა არის ნამდვილი დანაშაული. ეს არის ათობით მილიონი ადამიანის ძარცვა „რეფორმის“ საბაბით. ჩვენ გავაპროტესტებთ ამას ყველა ძალით და თქვენც ამისკენ მოგიწოდებთ “, – დაწერა ნავალნიმ „ინსტაგრამში“.

რუსეთის მთავრობამ საპენსიო ასაკის გაზრდის გეგმის შესახებ გასულ კვირას გამოაცხადა.

საპენსიო ასაკი 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს, რეფორმა ქალებისთვის 2034 წელს, მამაკაცებისთვის – 2028 წელს უნდა დასრულდეს. ქალებისთვის საპენსიო ასაკი 55-დან 63 წლამდე გაიზრდება, მამაკაცებისთვის კი 60-დან 65-მდე.