რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ბერლინი დატოვა და მოსკოვში ბრუნდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„სიენენის“ ცნობით, ნავალნის აეროპორტში, სადაც ის შესაძლოა, დააკავონ, თავისი მხარდამჭერები ელოდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტში პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
ნავალნიმ თვითმფრინავის მგზავრებს მადლობა გადაუხადა. „მადლობა ყველას, მე იმედი მაქვს, რომ მშვიდობით ჩავალთ“, – განაცხადა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა.
მანამდე რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნა: „ისინი ყველაფერს აკეთებენ ჩემს შესაშინებლად, მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ, მე სრულებით არ მაინტერესებს. რუსეთი ჩემი ქვეყანაა, მოსკოვი ჩემი ქალაქია და მე ის მენატრება“.
ამავე ვიდეოში ნავალნიმ მხარდამჭერებს აეროპორტში დახვედრისკენ მოუწოდა. ნავალნის თქმით, მისი სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება სპონტანური იყო.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თნახმად, აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებამ სწრაფი რეაგირება მოახდინა. ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სასამართლო სხდომამდე, რომელსაც ის უნდა დაესწროს, ვალდებულები არიან „ნავალნის დასაპატიმრებლად ყველა ზომა მიიღონ“.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ნავალნიმ პირობითი სასჯელის პირობები დაარღვია, რადგან გეგმურ შემოწმებაზე ვერ გამოცხადდა. საქმესთან დაკავშირებით მოსმენა 29 იანვარსაა ჩანიშნული. პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს პირობითი სასჯელის შეცვლის მოთხოვნით უკვე მიმართა. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნავალნის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ალექსეი ნავალნი გერმანიაში ხუთი თვის წინ კომატოზურ მდგომარეობაში ჩაიყვანეს. გავრცელებული ცნობების მიხედვით, ის „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობას კატეგიურულად უარყოფს რუსული მხარე.