ალექსეი დანილოვი - რუსეთი ყირიმს თავად თუ არ დატოვებს, უკრაინა მას სამხედრო გზით გაათავისუფლებს
რუსეთი ყირიმს თავად თუ არ დატოვებს, უკრაინა მას სამხედრო გზით გაათავისუფლებს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
„ყირიმი ჩვენი ტერიტორიის ნაწილია და ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ის. მეტიც, ჩვენ ვაპირებთ მის გათავისუფლებას. დიდი ალბათობით, ეს სამხედრო გზით მოხდება – თუ აგრესორი ქვეყანა იმ დროისთვის არ მიხვდება, რომ უნდა წავიდეს ჩვენი ტერიტორიიდან. სხვა ვარიანტი არ გვაქვს“, – განაცხადა დანილოვმა.
დანილოვის განმარტებით, ნებისმიერი სხვა სცენარი ყირიმთან დაკავშირებით იქნება სიტუაციის კონსერვაცია, ხოლო თუ რუსეთს ყირიმი დაქვემდებარებული ექნება, ის არასდროს დაწყნარდება.
უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის განცხადებით, ყირიმის გათავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია, თუმცა ეს რთული იქნება. როგორც დანილოვმა აღნიშნა, უკრაინამ პრაგმატულად უნდა იმოძრაოს 1991 წლის საზღვრების აღდგენისკენ.