ალექსეი დანილოვი - ბევრ ქვეყანას ეშინია ომის და რუსეთის, ვიმედოვნებთ, პარტნიორები მიხვდებიან, რომ საფრთხე ემუქრება ჩვენს დამოუკიდებლობას, ასევე, მთელი დასავლეთის ავტორიტეტსა და ერთიანობას
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი მოუწოდებს უკრაინის მოკავშირეებს, „არ გამოიჩინონ შიში“ რუსეთის მიმართ. დანილოვის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ომში დამარცხდებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ბევრ ქვეყანას ეშინია ომის და ეშინია რუსეთის. ფრონტის ხაზზე ძალიან რთული ვითარებაა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ არასოდეს ყოფილა ადვილი და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ფრონტზე მარტივი სიტუაციაა, ეს ის ხალხია, რომელთაც ომის არ ესმით“, – აცხადებს დანილოვი.
ალექსეი დანილოვის თქმით, რუსეთი დახმარებას იღებს ჩრდილოეთ კორეისა და ირანისგან, ამან კი სიტუაციის გარკვეული ცვლილებები გამოიწვია.
„ჩვენ არ გავჩერდებით, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა, სხვა ვარიანტი. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, პარტნიორები მიხვდებიან, რომ ჩვენს დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, ასევე, მთელი დასავლეთის იმიჯს, ავტორიტეტსა და ერთიანობას“, – აღნიშნა ალექსეი დანილოვმა.
როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განმარტა, აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ნამდვილად გვინდა, ვიყოთ მტერზე უფრო ძლევამოსილი, რომელსაც ამჟამად აქვს უპირატესობა უკრაინის ცაზე იმით, რომ მათ აქვთ თვითმფრინავების დიდი რაოდენობა. ვიდრე იგივე რაოდენობა არ გვექნება, ძალიან გაგვიჭირდება ბრძოლის გაგრძელება“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.