ალექსეი დანილოვი - ახლა ბევრ პოლიტიკოსს სურს, ვალერი ზალუჟნის რეიტინგით ისარგებლოს, ეს ჩვენი პოლიტიკის კლასიკაა, ვფიქრობ, ზალუჟნის ეს უნდა ესმოდეს
ახლა ბევრ პოლიტიკოსს სურს, ისარგებლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის რეიტინგით, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
„ზალუჟნის ეყოლება ბევრი ადამიანი, ვისაც მის ორბიტაზე მოუნდება ყოფნა. ეს ჩვენი პოლიტიკის კლასიკაა. ვფიქრობ, ზალუჟნის ეს უნდა ესმოდეს და ეს არა მარტო მას, ნებისმიერი პოლიტიკური რეიტინგის მქონე ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ამ მატარებელში ჩაჯდომის მსურველი ბევრია“, – განაცხადა დანილოვმა.
ამასთან, როგორც დანილოვმა აღნიშნა, მას ვალერი ზალუჟნისთან არასდროს უსაუბრია მის პოლიტიკურ ამბიციებზე.
„მე ნამდვილად არასოდეს მილაპარაკია ვალერი ზალუჟნისთან ამ საკითხზე. ყველა ჩვენი საუბარი ეხებოდა იმ კონკრეტულ საკითხებს, რომლებშიც ის უშუალოდ იყო ჩართული, როგორც მთავარსარდალი“, – აღნიშნა დანილოვმა.
8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტიდან გაათავისუფლა, მისი თანამდებობა ალექსანდრ სირსკიმ დაიკავა.