ალექსეი არესტოვიჩის აზრით, უკრაინის შესვლა ნატო-ში ისე, რომ კოლექტიური თავდაცვის მუხლი არ გავრცელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქნებოდა სუპერისტორიული შანსი
ალექსეი არესტოვიჩის აზრით, უკრაინის შესვლა ნატო-ში ისე, რომ კოლექტიური თავდაცვის მუხლი არ გავრცელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქნებოდა სუპერისტორიული შანსი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ნატო-ში უკრაინის ტერიტორიის იმ ნაწილის გაწევრიანება, რომელსაც კიევი აკონტროლებს, თან ისე, რომ ალიანსის მეხუთე მუხლი არ გავრცელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იქნებოდა „სუპერისტორიული შანსი“ უკრაინისთვის. ამის შესახებ განცხადება არესტოვიჩმა რუს ჟურნალისტთან, იულია ლატინინასთან ინტერვიუში გააკეთა.

„ოკუპირებული ტერიტორიის ნაწილი რჩება ოკუპირებულად, მას არ აკონტროლებს უკრაინის მთავრობა. მოდით, ასე ვთქვათ, 80 პროცენტით, თავისი არსით ჩვენ სახელმწიფოს დიდი ნაწილით, ომის შეწყვეტის შემთხვევაში შევდივართ ნატო-ში. ბევრმა შეიძლება, თქვას, რომ ეს სუპერისტორიული შანსია“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა ანალიტიკოსების განცხადებებს, რომ უკრაინას არავინ სთავაზობს, ყირიმისა და სხვა ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაზე უარი თქვას.

„უბრალოდ, გვთავაზობენ ეს გავაკეთოთ არა სამხედრო გზით, რადგან პერსპექტივა არ არის. ან გავაკეთოთ ეს სამხედრო გზით, 200 000 უკრაინელი მამაკაცის განადგურების ფასად, გენოფონდის განადგურების ფასად, ეკონომიკის ნგრევით და ყველაფერი დანარჩენით“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისივე განცხადებით, პირველი ვარიანტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სცენარს ჰგავს.

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა შედის ნატო-ში, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა აღიარებულია გერმანიის ტერიტორიად, რომელსაც აუცილებლად დავიბრუნებთ, მაგრამ ნატო-ს გარანტიები მასზე არ ვრცელდება. პრინციპში, არც ისე ცუდი გარიგებაა, გარკვეულწილად ამორალურია, მაგრამ ძალიან ცუდიც არ არის“, – განაცხადა არესტოვიჩმა.