ალექსეი არესტოვიჩი - ერთი და იგივე სქემით ვკარგავთ ქალაქებს, ხალხს და ტექნიკას, ეცემა მორალური განწყობა, ვუმატებთ არგუმენტებს დასავლეთში პუტინის მომხრეებს
მოქმედ სისტემას არათუ გამარჯვებისკენ არ მივყავართ, არამედ მთელი ძალით გვექაჩება მარცხისა და კატასტროფისკენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი წერს.
„ომის წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ ვერ შევძელით უკან ნაბიჯის გადადგმა და გაცნობიერება, რომ მოქმედ სისტემას არათუ გამარჯვებისკენ არ მივყავართ, არამედ მთელი ძალით გვექაჩება მარცხისა და კატასტროფისკენ. უკრაინელი ხალხი იბრძვის გადარჩენისთვის პუტინის რეჟიმისა და ადგილობრივი კანიბალების წინააღმდეგ, რომლებიც ჭამენ შიდა რესურსებს და მომავლის იმედებს, ერთსა და იმავე შეცდომებს იმეორებენ. თუ არ იქნება მიღებული რადიკალური ზომები არმიაში, ეკონომიკაში, საგარეო და შიდა პოლიტიკაში, ჩვენ კვლავ გავიმეორებთ ამ ისტორიას. კიდევ რამდენი ტერიტორია და ხალხი უნდა დავკარგოთ, რომ ამას მივხვდეთ?“ – წერს არესტოვიჩი.
გამოქვეყნებულ პოსტში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ქალაქ ავდეევკის შესაძლო დაკარგვაზე საუბრობს.
„ახალგაზრდა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში პოლიტიკური ელიტების მიერ შეიქმნა სისტემა, სადაც ხელისუფლება არის საკუთრება და არ არსებობს პასუხისმგებლობა ქმედებებისთვის ან უმოქმედობისთვის, რომელიც სახელმწიფოს და საზოგადოებას შიგნიდან ანადგურებს. ამის შედეგია მაღალჩინოსანთა და პოლიტიკოსთა დაუსჯელობა სისტემური კორუფციისთვის, ეკონომიკის 2,5-ჯერ შემცირებისთვის, არმიის რესურსების გაფლანგვისთვის, ასევე იმისთვის, რომ ერთი და იგივე სქემით ჩვენ ქალაქებს ვკარგავთ. პოპასნაიას, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკისა და ბახმუტის დაკარგვის შემდეგ ავდეევკის დაკარგვის პერსპექტივა განაჩენია სისტემისთვის. თუ ავდეევკას დავკარგავთ, ჩნდება კითხვა: რატომ ხდება, რომ ერთი და იმავე სცენარით ზედიზედ მეხუთე ქალაქი დავკარგეთ? პასუხი მარტივია: ჩვენ არ ვამზადებთ მძლავრ თავდაცვით პოზიციებს, მოწინააღმდეგე თავისი ძალების კონცენტრაციას გარკვეული მიმართულებით ახორციელებს და იწყებს შეტევას, ჩვენ გვიხარია მოწინააღმდეგის დანაკარგები, შემდეგ ვიწყებთ იქ დამატებითი ძალების გადასროლას, მედიით ვაშუქებთ სიტუაციას, ვაქცევთ ქალაქს წინააღმდეგობის სიმბოლოდ, ხოლო როდესაც სამხედრო თვალსაზრისით დაკავებული პოზიციების შენარჩუნება ხდება არამომგებიანი – სამხედროების გმირობის, მათი სისხლისა და სიცოცხლის ფასად ვაგრძელებთ ქალაქ-სიმბოლოს შენარჩუნებას. საბოლოოდ, ვკარგავთ ქალაქს, ხალხს და ტექნიკას, ეცემა მორალური განწყობა, ვკარგავთ დამატებითი რეზერვების დაგროვების შესაძლებლობას, ვუმატებთ არგუმენტებს დასავლეთში პუტინის მომხრეებს“, – წერს არესტოვიჩი.