ალექსეი არესტოვიჩი - დასავლეთს ახლა ჰყავს სუსტი ლიდერები, რომლებსაც გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლიათ, მაგრამ ეს არ ცვლის მოცემულობას, რომ ჩვენ ამ ლიდერებზე სრულად ვართ დამოკიდებული
დასავლეთს ახლა ჰყავს სუსტი ლიდერები, რომლებსაც გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლიათ, მაგრამ ეს არანაირად არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ ჩვენ ამ ლიდერებზე სრულად ვართ დამოკიდებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი წერს.
„ჩვენი მთავარი შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ფსონი ემოციური შანტაჟისა და პერფორმანსის პოლიტიკაზე გავაკეთეთ. ამის ნაცვლად, უნდა დავკავებულიყავით (2022 წლის 25 თებერვლიდან, 2019 წლიდან, 2014 წლიდან, 2008 წლიდან, 1991 წლიდან, 1648 წლიდან) საკუთარი პარტნიორული თვისებების გაუმჯობესებისა და რეალური სუვერენიტეტის მოპოვების პოლიტიკით. გმირობა უფრო ადვილია, ვიდრე რეალური სისტემური მშენებლობა. ნებისმიერმა სამხედრომ იცის, რომ გმირობა ჩავარდნების შედეგია. მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ჩვენი მასობრივი გმირობის გათვალისწინებით, შეგიძლიათ შეაფასოთ, რამდენი ჩავარდნა გვქონდა. ბუნებრივია, რომ პარტნიორებს, რომლებიც ინახავენ ჩვენს ეკონომიკასა და თავდაცვის ძალებს, აქვთ საკუთარი მიზნები საგარეო პოლიტიკაში და გაკვირვებული არიან ჩვენი პოზიციით, როდესაც მათ მიმართ ემოციური შანტაჟით ვართ დაკავებული და ვითხოვთ, თავიანთი მიზნები ჩვენი მიზნებით ჩაანაცვლონ. ამასთანავე, ვიპარავთ მათი გადასახადების გადამხდელების ფულებს.
1. ამერიკელები არ აპირებენ, საბოლოოდ დაამარცხონ რუსეთი, რათა ის სრულად ჩინეთის გვალენის ქვეშ არ აღმოჩნდეს. ისინი ასევე არ დაუშვებენ, რომ ჩვენ საბოლოოდ დავმარცხდეთ; 2. ჩვენ ვითხოვთ სრულ გამარჯვებას და რუსეთის დაშლას – ამერიკის ფულით; 3. ჩვენ ვიპარავთ ამერიკის ფულს, ამერიკელები კი ითხოვენ, რომ ჩვენ ეს შევაჩეროთ. აი, ეს არის იმის სქემა, რაც ახლა ხდება ვილნიუსში, ამ ომთან და, ზოგადად, ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ხოლო საგარეო პოლიტიკა საშინაო პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს“, – წერს ალექსეი არესტოვიჩი.
არესტოვიჩის აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ უკრაინისადმი ნატო-ს პირველ მოთხოვნად კორუფციასთან ბრძოლაა დასახელებული.
„ჩვენ გვჭირდება რეალური ძალა და არა რეალური ემოციების ძალა. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი სუვერენიტეტი, რადგან ვითარება უარესდება“, – წერს ალექსეი არესტოვიჩი.