ალექსეევკას საავიაციო ბაზაზე სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება
ალექსეევკას საავიაციო ბაზაზე სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება

ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას პროფესიულ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიულოცავს.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

ქართული სამხედრო ავიაციის ისტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც 1918 წლის 20 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა.

1921 წლის თებერვალში ქართველი სამხედრო მფრინავები საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ, რა დროსაც თბილისთან მოწინააღმდეგეზე რამდენიმე წარმატებული იერიში განახორციელეს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1992 წელს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო შეიქმნა. ავიაციის დღის აღნიშვნაც სწორედ იმ დღიდან იწყება, 1992 წლის 19 სექტემბერს ქართული ავიაციის ქვედანაყოფი პირველად აღიჭურვა საავიაციო-საბრძოლო ტექნიკით. სამხედრო მფრინავებმა იზანი ცერცვაძემ და ვალერი ნაყოფიამ ორი ერთეული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავით პირველი გაფრენა განახორციელეს. სწორედ მაშინ დაწესდა ქართული სამხედრო ავიაციის პროფესიული დღე.

1993 წელს სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სამმართველო მთავარ სამმართველოდ გადაკეთდა. 2010 წლის გაზაფხულზე სამხედრო-საჰაერო ძალები, საავიაციო ბრიგადის სახით, სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში გადავიდა. დღეისთვის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაშია.

„ბოლო პერიოდში, ქართულ სამხედრო ავიაციაში მფრინავი და საინჟინრო-ტექნიკური შემადგენლობის კვალიფიკაცია და საბრძოლო მომზადების დონე საგრძნობლად ამაღლდა, რაც სწავლებებისა და წვრთნების კუთხით, ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის საფუძველზე განხორციელდა. მოკავშირე ქვეყნების დახმარებით, ქართული სამხედრო განათლების სისტემა დაიხვეწა, შედეგად, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ავიაციის ოფიცრებსა და სერჟანტებს ამზადებს“, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.