ალექსანდრე ვერშბოუ - ნატო-ს ყველა სამიტზე 2008 წლის დეკლარაციის განმეორებით, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, მაგრამ პრაქტიკაში კარი დახურული რჩება, ალიანსი სანდოობის შელახვას რისკავს
ნატო-ს ყველა სამიტზე 2008 წლის დეკლარაციის განმეორებით, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები, მაგრამ პრაქტიკაში კარი დახურული რჩება, ალიანსი სანდოობის შელახვას რისკავს, – ამის შესახებ საუბარია ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილის, ალექსანდრე ვერშბოუს სტატიაში, სათაურით „როგორ შეუძლია დაეხმაროს ნატო უკრაინას რუსეთის აგრესიის შეკავებაში“, რომელიც გამოცემა „ნეიშენალ ინთერესთში“ გამოქვეყნდა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, არავის არ უნდა სურდეს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება, მაგრამ ალიანსი ამჟამინდელი ამბივალენტური პოზიციის შენარჩუნებით, რისკის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ უკრაინის მოსახლეობის დემორალიზებას, არამედ სისუსტის სიგნალს უგზავნის მოსკოვს, რომ იღებს პუტინის წითელ ხაზებს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით.
ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, ნატო უნდა დაეხმაროს უკრაინას სამხედრო და კიბერსივრცის გასაძლიერებლად, ასევე დეზინფორმაციასთან, ეკონომიკურ ომთან გასამკლავებლად და მსგავსი მხარდაჭერა შეიძლება შეთავაზებულ იქნას საქართველოს და ფინეთის მიმართაც, რომლებიც რუსეთის მხრიდან მუდმივ სამხედრო, პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიან.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ეს შეიძლება დაეყრდნოს აშშ-საქართველოს ორმხრივი თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მაგალითს, რომელსაც ხელი მოაწერა თავდაცვის მდივანმა ოსტინმა გასულ თვეში. ვერშბოუ სტატიაში აღნიშნავს, რომ ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში უკრაინის დახმარების გაძლიერება რუსეთს დაანახებს, რომ ალიანსი სერიოზულად და ერთიანად ეკიდება უკრაინის სუვერენიტეტის საკითხს და გავლენა გაძლიერდება, თუ საქართველო და სხვა პარტნიორებიც მიიღებენ მასში მონაწილეობას.